03/08/2023
21:29
საზოგადოება
შოვში სტიქიას ყველა გადაურჩა, თუმცა ადგილზე ვითარება კვლავ რთულია. შოვი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
მეწყერში მოყოლილები უბედურების ზონიდან ვერტმფრენებით გამოიყვანეს.
არავინ იცის განმეორდება თუ არა სტიქია, რადგან ძლიერი წვიმების გამო რაჭის მთებში ადიდებულია მდინარეები - ჭანჭახი და გომბურა. დაძრულია მიწის და ტყის დიდი მასა.
ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი დღეს 4 საათისთვის ჩამოწვა. მთის კურორტზე მეწყრული პროცესები იმდენად სწრაფად განვითარდა რომ ადამიანებმა გაქცევა ვერ მოასწრეს.
სხვადასხვა ინფორმაციით ორმეტრიან ტალახში დაახლოებით 12 ადამიანი მოექცა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.
სტიქიის ეპიცენტრი სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორიაა. ამიტომ კოტეჯების ნაწილი მთლიანად დაზიანებულია.
ამასთან ღვარცოფმა წაიღო საავტომობილო გზების მონაკვეთები და ხიდი, რის გამოც სტიქიის ზონაში მისასვლელი ჩაიხერგა. მაშველებმა შოვში ჩასვლა ვერტმფრენებით შეძლეს.
"მდინარის კალაპოტში ჩამოიშალა მთის მასა, რამაც ჩაკეტა მდინარე და გამოიწვია მისი შეგუბება. ამ მასამ შოვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ მომენტში მიმდინარეობს საევაკუაციო სამუშაოები. სტიქიის მასშტაბი საკმაოდ დიდია. პირველ რიგში ბავშვები და მოხუცები გამოვიყვანეთ, სხვების გამოსაყვანად კი საევაკუაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. დაშავებულები არ არიან. სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ძალები მთლიანად ჩართულია პროცესში. ასევე ველოდებით დამატებით ვერტმფრენებს თბილისიდან," - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.
0
0
ზუგდიდში ხანძარი ლიკვიდირებულია
23/12/2024