27/05/2022
13:09
პოლიტიკა
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან „საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება“.
„აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
0
0