
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ კითხვაზე პასუხისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი „დაძაბული“ გახდა.
ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრაზე განაცხადა.
„იცით, ისინი, ევროპელები, თავიანთ ფულს იბრუნებენ, ჩვენ ფულს უკან ვერ ვიბრუნებთ”,- განაცხადა ტრამპმა, რის შემდეგაც სტარმერმა ტრამპს საუბარი შეაწყვეტინა და აღნიშნა: „ჩვენ მთლიანად არ ვიბრუნებთ ჩვენს მიერ გაცემულ თანხას. ჩვენი დახმარების საკმაოდ დიდი ნაწილი საჩუქარი იყო. იყო რამდენიმე სესხი, მაგრამ ძირითადად ეს ფაქტობრივად, იყო საჩუქარი.”
ამასთან, ტრამპის თქმით, მის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან. მისივე თქმით, არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ შეიჭრება უკრაინაში პოტენციური შეთანხმების გაფორმების შემდეგ და გამოთქვა რწმენა, რომ შეთანხმება შენარჩუნდება.
0
0