
„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის, როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქსის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქსის“ გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. „სტარბაქსის“ პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. „სტარბაქს“-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა“, – ნათქვამია „აწარმოე საქართველოში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც Alshaya Group-ში „სტარბაქსის“ პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ განაცხადა, ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა.
„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს“ წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქსის“ მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში“, – განაცხადა სალეჰ ალშაიამ.
ამასთან, როგორც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში „სტარბაქსის“ პრეზიდენტი დუკნაკნ მოირი აცხადებს, კომპანია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ Alshaya Group-თან პარტნიორობით შემოვა საქართველოში.
„ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით“, – განაცხადა მან.
ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქსის“ ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე.
„ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი – საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას“, – აღნიშნა ხიდურელმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით კი, მისასალმებელია საქართველოს ბაზარზე ისეთი გლობალური ბრენდის შემოსვლა, როგორიც „სტარბაქსია“.
„ეს არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, მკაფიო გზავნილი იქნება სხვა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზრით დაინტერესების თვალსაზრისით. სხვადასხვა ავტორიტეტული რეიტინგებითა და შეფასებებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ფართე რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ბიზნესისადმი მეგობრული და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით. ამდენად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოექცევა არა მხოლოდ „სტარბაქსის“, არამედ სხვა ცნობადი გლობალური ბრენდების ინტერესის არეალში. დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის პირველ ობიექტს მალე ქსელად გადაიქცევა და წარმატებით განვითარდება თბილისსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ კოორდინაციით, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს გლობალური ბრენდების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით.
„სტარბაქსის“ საქართველოში შემოსვლა რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითია და ეს მოვლენა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და შექმნილი გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური ბრენდებისთვის. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს“-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს“-ის 2,000 მაღაზიაა.
„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.
0
0