14/08/2023
11:25
პოლიტიკა
სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები არ იქმნება ხოლმე,თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] სპეკულირებას - მათ მთელი ამ დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ქულების დაწერა სცადეს, თუმცა ეს ყველაფერი უკან შეუბრუნდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას გამოეხმაურა.
მან ოპოზიციას მოუწოდა, არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირება, რომლებითაც უბრალოდ არ შეიძლება.
„ასეთი ინიციატივები ბუნებრივია არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაწყებულია იმისათვის, რომ ყველა დეტალი იქნას შესწავლილი. საგამოძიებო პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერა. მათ ცადეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქულების დაწერა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება,“ - განაცხადა კობახიძემ.
0
0