
კომპანია „თელასმა“ 110 კვ-ის მიწისქვეშა საკაბელო ხაზების ექსპლუატაციისთვის თანამედროვე ტიპის მობილური ლაბორატორია შეიძინა.
ლაბორატორიის ელექტროტექნიკური ნაწილი აღჭურვილია გერმანული წარმოების, „მეგერის“ ფირმის მოწყობილობებით და თანამედროვე კომპიუტერული სისტემით. მობილური ლაბორატორია დამონტაჟებულია „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომობილში და უზრუნველყოფს 110 კვ-ის საკაბელო ხაზების ტესტირებას და დაზიანების ადგილის ოპერატიულად და დიდი სიზუსტით დადგენას.
აღნიშნული ლაბორატორიის და საკაბელო ხაზების ექსპლოატაციის მიზნით სს „თელასმა“ უზრუნველყო პერსონალის გადამზადება გერმანიაში.
ბოლო პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა 110 კვ-ის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშა საკაბელო ხაზებით ჩანაცვლებაზე. ეს განაპირობა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონების შემცირებაზე მზარდმა მოთხოვნილებამ, განსაკუთრებით ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.
დღეის მდგომარეობით, სს „თელასის“ განაწილების ქსელში დამუშავების პროცესშია რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 110 კვ-ის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშა საკაბელო ხაზებით ჩანაცვლებას.
აღნიშნული საკაბელო ხაზების მომსახურებისთვის აუცილებელი ტექნიკური და მატერიალური ბაზის შექმნა სს „თელასმა“ ადრეულ ეტაპზე დაიწყო და ამჟამად პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მზად არის გაუწიოს ექსპლუატაცია 110 კვ-ის საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებს.
თავის მხრივ ეს პროექტი უზრუნველყოფს კომპანიის გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობას და მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლებას.
0
0
 
             
             
             
             
             
            