17/01/2025
11:19
საზოგადოება
კომპანია „თელასმა“ 2024 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2024 წელს ინვესტიციების მოცულობამ კომპანიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ინვესტიციების მოცულობამ ქსელზე ახალი მიერთებების ჩათვლით 160 მლნ. ლარს გადააჭარბა, რაც 250%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ გადაწყვეტილებამ კომპანიას საშუალება მისცა წარმატებით განეხორციელებინა პროექტები, რომლებიც მიმართულია თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესებაზე.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მაღალი და დაბალი ძაბვის ქვესადგურების და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების 110/35/10/6/04 ქსელის ძირითადი აღჭურვილობის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების მიზნით. მიმდინარეობს SCADA-ს სისტემის დანერგვისა და ახალი ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები.
ძირითადი მოწყობილობების რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია განხორციელდა ქვესადგურებში „მახათა“, „სანაპირო“, „დიღომი-2“, „აეროპორტი“, „ნავთლუღი-2“, „საბურთალო-1“. ქვესადგურში „დიღომი-2“ შეიცვალა ძალოვანი ტრანსფორმატორები T1 და T2. დასრულდა ოთხი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის სრული რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია: ცგპ-0417, ცგპ-0080, ცგპ-5060 და ცგპ-3614. ასევე ჩატარდა რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოები 35-კვ ელექტროგადამცემ ხაზებზე „ლილო-1-2“, 110-კვ ელექტროგადამცემ ხაზებზე „დიღომი-102“, „დიღომი-103“ და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე ჯამური სიგრძით 136 კმ.
2024 წელს კომპანია „თელასმა“ 3,757 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,5% (293 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4%-ით (29,8 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 780,7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 699,1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 81,6 ათასი – იურიდიული პირი.
2024 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 153 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით (299 კმ-ით) აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს (6 854 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0
ეთიოპიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
18/01/2025