27/11/2024
11:56
საზოგადოება
დიდი დიღმის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო გეგმის ფარგლებში კომპანია „თელასი“ ქვესადგურში „დიღომი-2“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის 6/10 კილოვოლტიან გამანაწილებელ მოწყობილობებში მიმდინარეობს მოძველებული ზეთიანი ამომრთველების ახალი თანამედროვე ვაკუუმური ტიპის ამომრთველებით ჩანაცვლება. ასევე შეიცვლება მეორადი კომუტაციის კაბელები, დამონტაჟდება სარელეო დაცვის მიკროპროცესორული ტერმინალები და გარემონტდება დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის შენობა.
დიდი დიღმის მოსახლეობის და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტების ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ამაღლების მიზნით, სიმძლავრეებზე გაზრდილი მოთხოვნის და ელექტროქსელის შემდგომი განვითარების გამო, საჭირო გახდა ქვესადგურში „დიღომი-2“ ორი მოძველებული ძალოვანი ტრანსფორმატორის ახლით ჩანაცვლება. თითოეული ტრანსფორმატორის სიმძლავრე 40 მეგავატს შეადგენს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიდი დიღმის 47 ათასი აბონენტის ელექტრომომარაგება გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 9 250 000 ლარს შეადგენს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო აუცილებელია ელექტრომომარაგების დროებითი შეზღუდვა, რისთვისაც კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
0
0