
სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას იზეიმებენ.
„ივანიშვილის რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით დაემუქრნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული კანონის მორჩილებაზე და თავი უცხო ქვეყნის აგენტებად არ დაირეგისტრირეს. ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას და ებრძვის ყველა იმ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული. შესაბამისად, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს. დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დავრეგისტრირდებით, ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე“.
0
0