
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე 7 აპრილს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირი დააკავეს და სროლის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების გამო ბრალდება წარუდგინეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აპრილს, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ერთჯერადად გაისროლა". - წერია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით". - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირების ამსახველი ვიდეო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ვიდეოში ისმის ასევე სროლისა და გინების ხმა.
0
0