
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ პარასპორტსმენებს შეხვდა და სან-პაულოს მსოფლიოს თასზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს, რაც მსოფლიოს თასზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ისტორიული შედეგია. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ამ მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და სპორტული მენეჯერი ლაშა მაისურაძე.
სან-პაულოში გამართულ მსოფლიოს თასზე ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაპირით ასპარეზობაში გვანცა ზადიშვილმა და ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.
მიღწეული წარმატების აღსანიშნავად სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა.
0
0