
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ძალოსნებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვეს.
რევაზ დავითაძემ სამი ვერცხლი მიიღო, რამინ შამილიშვილმა ორი ბრინჯაო, გოდერძი ბერდელიძემ ერთი ბრინჯაო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბაქარ თურმანიძე კი ერთ ბრინჯაოს დასჯერდა.
17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა ტყეშელაშვილმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მიიღო, დიმიტრი აბრალავა ვერცხლს დასჯერდა, საბა ჩიხლაძემ კი სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 20-წლამდელთა შორის გოგა ჯაჯვანმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. გიგა ოდიკაძემ ორი ბრინჯაო მიიღო; ხოლო ნანა ხორავა ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე და ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ.
ქართველი ძალოსნების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
0
0