05/11/2024
17:24
პოლიტიკა
სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან, აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მალე, ბევრისთვის მოულოდნელად, ხელისუფლება უბრალოდ ჩამოიშლება, მხოლოდ ხალხის აქტიურობით.
„ჯობია, ახლა, მომდევნო დღეები და კვირები ყველანი ვიყოთ ქუჩებში, რათა მომდევნო თაობებმა უდრტვინველად იცხოვრონ მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. აი, ამ მიზანს ემსახურება დღეს კონკრეტულად ჩვენი თავყრილობა, რომელიც სპონტანურია და შეიცვალა. ამ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, მაგრამ დღეს აუცილებლად აქ უნდა ვყოფილიყავით. ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით. მჯერა, რომ მსგავსი რეჟიმები სანთელივით არ დნება. მჯერა, რომ ძლიერი და მუდმივი წინააღმდეგობის პირობებში ხელისუფლება ბევრისთვის მოულოდნელად სწრაფად ვარდება, როგორც რაიმე მძიმე ნივთი. როგორც მძიმე კარადა, ისე დაენარცხება ეს ხელისუფლება ძირს. არავის არ ჰქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ხელისუფლება სანთელივით დადნება. ძალიან მალე, ბევრისთვის მოულოდნელად, ეს ხელისუფლება უბრალოდ ჩამოიშლება, მხოლოდ ხალხის აქტიურობით. აქტიურობას კი, ვხედავთ, რომ მზარდია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციის ლიდერები დღეს სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. გუშინ აქციის გამართვა სპორტის სასახლესთან დაანონსდა, თუმცა დღეს ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეცვლა. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, გეგმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა. მათი თქმით, ახლა აუცილებელი იყო სააპელაციო სასამართლოსგან მოეთხოვათ სამართლიანი განხილვები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დღეისთვის ჩანიშნული სარჩელების განხილვა გადაიდო.
0
0