
კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის შემდეგ კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი დაინტერესებულია მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით.
ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
ამავე დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს თავის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. მისივე თქმით, რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განაგრძობს უკრაინაც.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ხედავთ, რომ ასევე კიევის რეჟიმის მხრიდან დარტყმები გრძელდება რუსეთის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის ხშირად რუსულ მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე. თავიანთ ამოცანებს ასრულებენ რუსეთის შეიარაღებული ძალებიც. ისინი, როგორც გაცხადებული იყო, განაგრძობენ დარტყმებს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მათ მიმდებარე ობიექტებზე. დარტყმები წარმატებულია, სამიზნეები ნადგურდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ამავდროულად, რუსეთი ინარჩუნებს თავის დაინტერესებას მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებისადმი, რათა პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით მიღწეულ იქნას ჩვენ წინაშე დასახული მიზნები“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძი სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და „რადიო თავისუფლების“ ოფისებს.
0
0