
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიმართ.
საქმე ეხება 23 თებერვალს, თბილისში, არდაზიანის 2 ნომრიდან ლაშა გიგაურის რვასულიანი ოჯახის გამოსახლების ფაქტს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით გულისხმობს.
„მშენებლობით და იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზეა დაბარებული ლაშა გიგაური.
აღსრულების პოლიციამ რვასულიანი ოჯახი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ოჯახის ორი ხანდაზმული წევრი, აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ გამოასახლა.
ლაშა გიგაური და მისი ოჯახი თბილისში, ჟვანიას მოედნის თავზე, არდაზიანის 2 ნომერში, 2015 წლიდან ცხოვრობს. ლაშა გიგაური და მისი მამა, გივი გიგაური, ომის ვეტერანები არიან. გიგაურების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 თებერვლის დილას, სახლის ახალი მესაკუთრის, კერძო კრედიტორის, ლია წიკლაურის მოთხოვნით გამოასახლეს.
0
0