
შეუძლებელია, პატარა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკა ბოლომდე გაატაროს და ბოლომდე დაიცვას თავისი ინტერესები, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა ეცადო, დაიცვა შენი სამშობლო და არა ის, რასაც გარედან გიკარნახებენ და რაც უცხო ქვეყნებისათვის არის საინტერესო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში, ვიდრე სამყაროში ახალი წესრიგი დამყარდება, საქართველომ უნდა შეძლოს თავისი პოლიტიკით სამშვიდობოს გასვლა.
„ყოველთვის უნდა სცადო, მაქსიმალური სარგებელი წამოიღო ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციიდან. ჩვენ ამას ვცდილობთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკა. პრაქტიკულად, ჩვენ თვალწინ ჩამოიქცა დღემდე არსებული მსოფლიო წესრიგი და ახლა მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება და ახალი წესრიგის ჩამოყალიბება. ეს პროცესი კი, სამწუხაროდ, ბევრი ომისა და სისხლიღვრის გარეშე არ ჩაივლის. ასეთ დროს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანად საზოგადოებას განსაკუთრებული სიბრძნე, სიფხიზლე და მობილიზება გვმართებს, რომ მსხვერპლის როლში არ აღმოვჩნდეთ. დღევანდელ ვითარებაში, ვფიქრობ, გაჩნდა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ მშვიდობით გავიდეთ სამშვიდობოს, მანამ, ვიდრე ახალი მსოფლიო გადანაწილება არ მოხდება და სამყაროში ახალი წესრიგი არ ჩამოყალიბდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, უკვე წარმატებაა ისიც კი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, საქართველოს ყოველდღიურ რეჟიმში აღარ ახსენებენ.
„გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, დანის პირზე სიარულს ჰგავს. წარმოიდგინეთ, რომ გაგრძელებულიყო ის პოლიტიკა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო: რაც არ უნდა მწვავე პრობლემა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, პირველი სამი საკითხი, რითიც სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ თეთრ სახლში გამართული ბრიფინგები იწყებოდა, საქართველოს ეხებოდა. პრესსპიკერები საქართველოთი იწყებდნენ საუბარს, შემდეგ კი მათ მიერვე შერჩეული ჟურნალისტი აუცილებლად დასვამდა კითხვას საქართველოში მიმდინარე პროცესზე, რასაც ასევე აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოში არსებული ვითარების ძალიან მკაცრი და კრიტიკული შეფასება, ბოლოს კი ამ შეფასებებს ქართული რადიკალური ოპოზიცია და ოპომედია აიტაცებდნენ და ამით იქმნებოდა ყოველდღიური დღის წესრიგი. ეს ვაკხანალია რომ დამთავრდა, უკვე ძალიან კარგია და ამით ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. დღეს რადიკალ-ოპოზიციონერები ამბობენ – აი, ხელისუფლება ხომ ამბობდა, ტრამპი მოვა და ყველაფერი დალაგდებაო, რატომ არ აქვს ხელისუფლებას ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობა? ჯერ ერთი, ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომები რომ არ გრძელდება, უკვე ძალიან კარგია; მეორეც, მე არ ვარ ჩახედული გადაწყვეტილებების მიღების სახელისუფლებო კულუარებში, მაგრამ ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან არ გვაქვს ყოველდღიური და მჭიდრო კონტაქტი, ასე მგონია, არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული მხარე არ ინდომებს ურთიერთობას. მეჩვენება, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს, ზედმეტად არ იაქტიუროს და დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში ეს ალბათ ყველაზე სწორი პოლიტიკაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ქართველი რადიკალების კრიტიკის ერთ-ერთი თემა ისიც გახდა, რომ დონალდ ტრამპმა საქართველო არ მიიწვია მის მიერ დაანონსებულ ახალ საერთაშორისო სტრუქტურაში – „მშვიდობის საბჭოში“.
„ჯერ ერთი, ამ საბჭოში გაწევრიანებისთვის ერთი მილიარდი დოლარის გადახდაა საჭირო და არა მგონია, დღეს ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვისთვის ეს საუკეთესო დაბანდება იყოს; მეორე, სულაც უფასო რომ ყოფილიყო ამ ახალ ორგანიზაციაში წევრობა, ქართველი რადიკალები ამაზეც მოგვედავებოდნენ – რა გვინდა იქ, სადაც მიწვეულნი არიან რუსეთი, ბელორუსი, პაკისტანი, ყაზახეთი, ბაჰრეინი, მაგრამ არ არის კანადა და ევროპული ქვეყნების უმრავლესობაო? ზოგადად, დღეს არ არის ის ვითარება, როცა არამკითხე მოამბესავით ყველგან წინა რიგებში უნდა ვცდილობდეთ ყოფნას. დღეს ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება, რაც შეიძლება მეტი ინვესტორის მოძიება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება, რისი სივრცეც ახლა უკეთ ჩანს, ვიდრე რამდენიმე წლის ან თუნდაც რამდენიმე თვის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ბედი, რომელიც უკრაინას ერგო. როგორც ამბობენ, „აქლემების ჩხუბში კოზაკები იჭყლიტებიან“. ჩვენ დღეს ამას გადავრჩით, უკრაინა, სამწუხაროდ, ვერა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის კატასტროფა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0