
რეგიონებში ინფრასტრუქტურული და ტურისტული ობიექტების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც მან აღნიშნა, გზების, გვირაბების, საბაგიროების მშენებლობა ტურიზმის და შესაბამისად რეგიონების განვითარების წინაპირობაა.
სოზარ სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურორტ თეთნულდის განვითარება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას, რაც ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას უზრუნველყოფს.
„როცა ვლაპარაკობთ რეგიონების განვითარებაზე, მინდა კიდევ ერთხელ ვახსენო თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ პროექტში თავდაპირველად დაახლოებით 150 მილიონი ლარი ჩაიდო, მაგრამ მას შემდეგ, თითქმის 10 წელია, კურორტის განვითარება შეჩერდა. დამატებითი ინვესტიციების გარეშე კი უკვე დახარჯული თანხის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია: კურორტამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, ძნელად გასავლელი და სახიფათოც კი, საბაგიროების და, შესაბამისად, სასრიალო ტრასების რაოდენობაც მცირეა. ამას დავუმატოთ სვანეთში ჩასვლის სირთულე და გასაგები ხდება, რატომ განიცდის კურორტი დამსვენებლის სიმცირეს. იმისთვის, რომ კურორტმა მეტი დამსვენებელი მოიზიდოს და უკვე განხორციელებული ინვესტიციაც ქარს არ გავატანოთ, საჭიროა კურორტის უფრო მეტად განვითარება - პირველ რიგში მისასვლელი გზის მოწესრიგება და საბაგირო გზის დაგრძელება სოფელ მულახამდე, შემდეგ ეტაპზე კი (ან პარალელურად) ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობა. მხოლოდ ერთი პროექტი - საბაგირო გზის მულახამდე დაგრძელება - ჯერ ერთი, კურორტამდე მისასვლელ გზას უფრო უსაფრთხოს და მოსახერხებელს გახდის და მეორეც, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა საქართველოში (და არა მხოლოდ!),“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა სხვა პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და მათ შორის დაასახელა წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის გაფართოების და ლენტეხი-მესტიის გვირაბის მშენებლობის პროექტები. „ამ და სხვა მსგავსი პროექტების განვითარება რეგიონებში ხელს შეუწყობს, რომ მუნიციპალიტეტებს და რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეთ მეტი შემოსავალი ადგილებზე და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე. თუკი რეგიონული განვითარების სამინისტრო იქნება მსგავსი პროექტების ლობისტი, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ სიამოვნებით ჩავერთვებით მათ განხილვაში და ვითანამშრომლებთ თითოეულ ასეთ პროექტზე.
მეორე, უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკვე შესწავლილი და დამუშავებული აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტორს, გახლავთ წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის გაფართოება და მისი გაგრძელება - ლენტეხი-მესტიის გვირაბი. დამუშავებული პროექტი გულისხმობს არა მხოლოდ საავტომობილო გზის და გვირაბის, არამედ შესაბამისი მიმართულებით რკინიგზის ხაზის მშენებლობასაც. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ხელს შეუწყობს საქართველოს რამდენიმე რეგიონის განვითარებას. ამ გზის საშუალებით ქუთაისის აეროპორტიდან მესტიამდე ჩასვლა საათნახევარში იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ მთელი რეგიონი - ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი ერთი მიმართულებით და რაჭა მეორე მიმართულებით - უაღრესად საინტერესო და ადვილად მისაწვდომ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდება და უამრავ დამთვალიერებელს და დამსვენებელს მიიზიდავს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მიუხედავად სიძვირისა, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ეკონომიკურადაც აბსოლუტურად რენტაბელური და მომგებიანია.
„ხალხის ძალის“ სახელით იმედს გამოვთქვამ, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს მსგავსი პროექტების დამუშავებასა და ლობირებაზე მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული პროექტის განხორციელება ფორმალურად სხვა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0