
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თავის მართლებას, სჯობს ელჩმა თავისი ქცევა გამოასწოროს და თავის პოლიტიკაში კორექტირება მოახდინოს.
„ეს არის ელჩი, რომელიც პოზირებს ოპოზიციური ბანერების ფონზე, ესწრება სასამართლო პროცესებს და მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამართლდებიან. თუ მათ რაიმე პრობლემა აქვთ სასამართლოსთან, თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასამართლონ თავიანთი საქმე. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან,შეუძლიათ არც კი დაელოდონ სასამართლოს დამთავრებას ისე გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოში თავიანთი საქმეები და გარწმუნებთ, თუკი სტრასბურგის სასამართლოს ექნება რაიმე ოდნავი მტკიცებულება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და არა ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი საქმე, სტრასბურგი ამ საქმეს მიიღებს განხილვაში ისე, რომ არ დაელოდა ქვეყნის შიდა პროცედურების გავლას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.
0
0