
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნორა კვიციანისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივას უერთდება. მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის დაცვაში განსაკუთრებული წვლილი ემზარ და ნორა კვიციანებს მიუძღვით.
სოზარ სუბარის თქმით, ემზარ კვიციანის ძალისხმევით გაიჭრა კოდორის ხეობიდან სვანეთისკენ გზა, რამაც ომის პერიოდში ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება და სამხედრო ტექნიკის გადმოყვანა შესაძლებელი გახადა.
მისივე განცხადებით, ემზარ და ნორა კვიციანები მოუწოდებდნენ კოდორის ხეობის მოსახლეობას, დარჩენილიყვნენ და ხეობის დასაცავად ებრძოლათ.
„სოხუმის დაცემის შემდეგ სწორედ ემზარ კვიციანი და მისი და, ნორა კვიციანი, იყვნენ ის ადამიანები, რომელთა დიდი ძალისხმევითაც მოხდა კოდორის ხეობის დაცვა.
კოდორის ხეობიდან სვანეთისკენ გზა რომ გაიჭრა, ეს პირადად ემზარ კვიციანის დამსახურება იყო. იქ არ იყო გზა, იყო უბრალოდ ბილიკი და შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ადამიანის გადმოსვლა და გადაადგილება, რომ არა ემზარ კვიციანი. აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკასა და ავტომობილებზე, რომელთა გადმოსვლა იმ ბილიკებზე შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, ადამიანური მსხვერპლიც გაცილებით დიდი იქნებოდა. ემზარ კვიციანმა ომის დღეებში მოახერხა და თავისი რესურსითა და შესაძლებლობით გააკეთა ეს გზა, რადგან ხედავდა ამის საჭიროებას.
ემზარ და ნორა კვიციანები არწმუნებდნენ კოდორის ხეობის, ან, როგორც სვანეთში უწოდებენ, დალის ხეობის მოსახლეობას, რომ დარჩენილიყვნენ და ებრძოლათ ხეობის დასაცავად. მაშინ ეს ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ბევრმა დაუჯერა, დარჩნენ და შეძლეს დაეცვათ ხეობა. მე პირადად იქ ვიყავი, წინა ხაზზე, როცა პირველი შეტევები მოვიგერიეთ.
ემზარ კვიციანისვე დამსახურებით მოხდა შეთანხმება რუსულ მხარესთან, რომ მშვიდობა დამყარებულიყო კოდორის ხეობაში. შეთანხმება ბოლომდე დაცული არ ყოფილა. რუსებმა ხან ვერტმფრენებით გადმოსხეს სპეცრაზმი კოდორის ხეობის ცენტრში, პერიოდულად იყო მცირე ზომის შეტევები [აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან], თუმცა კოდორელებმა შეძლეს ამ ტერიტორიის დაცვა. ხსენებული შეთანხმების თანახმად, კოდორის ხეობაში არ უნდა მდგარიყო ოფიციალური ქართული შეიარაღებული ფორმირებები, მხოლოდ ადგილობრივების რაზმი უნდა ყოფილიყო. ასევე აკრძალული იყო გარკვეული ტიპის მძიმე შეიარაღების შეტანა ხეობაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბატალიონი „მონადირე“, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს რიგებში შევიდა. სწორედ ეს შეთანხმება დაარღვია სააკაშვილმა 2006 წელს, როცა შეიარაღებული ძალებითა და მძიმე ტექნიკით შევიდა კოდორის ხეობაში.
როდესაც სააკაშვილი შევიდა კოდორის ხეობაში, მოხდა ბატალიონ „მონადირის“ დაშლა და განიარაღება. ძალიან ბევრი სამშობლოს დამცველი დააკავეს აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებებით, როგორიცაა ტრეფიკინგი ან იარაღის უკანონო ფლობა. თითქოს ვინმესთვის იყო საიდუმლო, რომ ხეობის დამცველებს იარაღი უნდა ჰქონოდათ. ბევრი დაკავებული ციხეში გარდაიცვალა კიდეც წამების ან სხვადასხვა დაავადების გამო, რომლებსაც არ მკურნალობდნენ.
სხვებთან ერთად, აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებით იქნა დაკავებული და გასამართლებული ნორა კვიციანიც, რომელმაც ციხეშიც აჩვენა სიმტკიცისა და გაუტეხლობის მაგალითი. იქ ის მონაზვნად აღიკვეცა და მოგვიანებით აღესრულა, როგორც დედა ქეთევანი. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კარგად იციან, რამხელა დამსახურება მიუძღვის ქალბატონ ნორა კვიციანს კოდორის ხეობის დაცვის საქმეში, მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება.
თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია და მე პირადად ვუერთდები ამ სამართლიან და სწორ თხოვნას,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0