13/10/2021
12:34
საზოგადოება
2021 წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.8 პროცენტით და 373.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. წლის დასაწყისიდან მთლიანად, ადგილი ჰქონდა ექსპორტის 24.0 პროცენტიან ზრდას, ხოლო მოცულობამ 2981.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
სოსო არჩვაძის განცხადებით, როგორც იანვრის, ისე მთლიანად იანვარ-სექტემბრის ექსპორტის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბეს პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებს (შესაბამისად, 22.3 პროცენტით და 9.0 პროცენტით). მისი თქმით, ექსპორტის ყოველდღიური, სადღეღამისო მოცულობა 2021 წლის სექტემბერში 2270 ათასი აშშ დოლარით აღემატებოდა პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წლის სექტემბერში იმპორტმა შეადგინა 1299.4 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანად იანვარ-სექტემბერში - 7028.4 მლნ. აშშ დოლარი. ზრდის ტემპებმა შესაბამისად შეადგინა, +23.4% და + 21.6%. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2021 წლის სექტემბერში 40.4 პროცენტი, ხოლო მთლიანად იანვარ-სექტემბერში - 42.4 პროცენტი შეადგინა. სოსო არჩვაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ექსპორტი აღემატებოდა მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელს 14.5 პროცენტით, იმპორტი, შესაბამისად, - 23.1 პროცენტით და მთლიანი ბრუნვის მაჩვენებელი - 20.5 პროცენტით. მისი თქმით, იმპორტის რამდენადმე წინსწრები ზრდა ექსპორტის ზრდასთან შედარებით დიდწილად უკავშირდება საქართველოს სატრასპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის და მნიშვნელობის ამაღლების გამო რეექსპორტის ასევე საგრძნობ ზრდას - გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20.0 პროცენტით. რეექსპორტის ყოველდღიური, საშუალო სადღეღამისო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 0.5 მლნ. აშშ დოლარითაა გაზრდილი. „საქართველოს აქტიური ჩართვა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, ქართული პროდუქციის უფრო ფართო და მყარი პოზიციონირება მსოფლიო სავაჭრო რუკაზე ქვეყანაში ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების წარმატებული რეალიზაციის შედეგია,“ - წერს სოსო არჩვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
0
0