
სოროსის ფონდში აცხადებენ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებულია.
ფონდ „ღია საზოგადოების“ განცხადების თანახმად, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების გაჩუმებას ისახავს მიზნად. გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აშშ-ის რამდენიმე პროკურორს დაავალა შეემუშავებინათ გეგმები „ღია საზოგადოების ფონდების“ გამოსაძიებლად. და ორგანიზაციის წინააღმდეგ შესაძლო ბრალდებები წამოაყენა, დაწყებული ცეცხლის წაკიდებიდან და დამთავრებული ტერორიზმის მატერიალური მხარდაჭერით.
„როიტერის“ კითხვის საპასუხოდ, „ღია საზოგადოების ფონდმა“ განაცხადა, რომ ის ცალსახად გმობს ტერორიზმს და რომ მისი საქმიანობა მშვიდობიანი და კანონიერია.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, თეთრ სახლში ტრამპთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ „ახლა ყველაფერი განხილვის საგანია“.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ღია საზოგადოების ფონდები“, რომელიც მილიარდერმა ფინანსისტმა და დემოკრატების მთავარმა დონორმა, ჯორჯ სოროსმა, 1979 წელს დააარსა, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია ისეთი საკითხებისა, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის გამჭვირვალობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და განათლება.
„როიტერი“ წერს, რომ დონად ტრამპი და მისი კონსერვატიული მხარდამჭერები დიდი ხანია სოროსს ბოროტმოქმედად მიიჩნევენ. რესპუბლიკელმა ლიდერმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სოროსს და მის შვილს ბრალი უნდა წაუყენონ.
0
0