
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წელს თავის ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილი არ იქნება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე წერილობით აცნობა თავის კოლეგებს ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომ ამ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია სომხეთში წვრთნების ჩატარება. ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, სომხეთში არ ჩატარდება“ - განაცხადა ფაშინიანმა.
დღესვე ცნობილი გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ რუსეთთან მიმდინარეობს საუბარი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი სამხედრო ყოფნის როლსა და მნიშვნელობაზე.
„ბოლო დროს, დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების დროს, აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს იმით ხსნის, რომ ერევანი და მოსკოვი, თითქოს, ერთობლივ აგრესიას გეგმავენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რის გამოც, მათი თქმით, აზერბაიჯანული მხარე პრევენციულ ზომებს ატარებს“ - განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
„აზერბაიჯანის არგუმენტები აბსურდულია, მეორე მხრივ, უკრაინის მოვლენების ფონზე მსგავსი ნარატივები გარკვეულ ინტერესს იწვევს დასავლეთში. სომხური მხარე რუსი კოლეგების ყურადღებას ამახვილებს ამ გარემოებაზე და აცხადებს, რომ რუსეთის დუმილის პირობებში კურიოზული სიტუაცია იქმნება - რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არა მხოლოდ ამ უკანასკნელის უსაფრთხოების გარანტიაა, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ჩვენ არ ვაკრიტიკებთ რუს სამშვიდობოებს, გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას მათი საქმიანობის შესახებ - ასე უპასუხა ფაშინიანმა SputnikArmenia-ს კითხვას.
„ამ შეშფოთებას დიდი ისტორია აქვს. მე გამუდმებით ვამახვილებდი რუსი პარტნიორების ყურადღებას იმაზე, რომ აზერბაიჯანში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ მარათონი დაიწყო და ამას გრძელვადიანი ხასიათი აქვს.
დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშაა და ჩვენ ამას ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ ვეთანხმებით, რომ სამშვიდობოები არიან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ არის მოვლენები ფარუხთან, ხცაბერდთან, ლაჩინის დერეფანთან და აქ სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაა. ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე რეაგირება არ მოვახდინოთ“ - განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025