05/05/2023
14:23
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შორის ვაშინგტონში მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ეხებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მათ შედეგებზე ისაუბრა.
ბლინკენმა თქვა, რომ „მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს რთული საკითხების გადაწყვეტაში“.
„ორივე მხარემ გამოავლინა გულწრფელი სურვილი ურთიერთობების ნორმალიზებისა და ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულებისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მან თქვა, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც „გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ" და ახლა უკეთ ესმით ერთმანეთის პოზიციები.
”მე შევთავაზე მინისტრებს, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ დედაქალაქებში, რათა გაუზიარონ მთავრობებს მოსაზრება, რომ კეთილგანწყობის, მოქნილობისა და კომპრომისის შემთხვევაში, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია” - დასძინა მან.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ექნებათ შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ვაშინგტონში ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობის მიზნით, 30 აპრილს გაიმართა.
0
0