
„ვითარება, რომელიც დღეს შეიქმნა დაპირისპირების ხაზზე, რაც მზადდებოდა და ისევ მზადდება საქართველოში - არის ერთი გეგმის ნაწილი. კავკასიის რეგიონის "აფეთქება" რამდენიმე სუბიექტის ინტერესშია,“ - ამის შესახებ „სფეისნიუსს“ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თმით, ეს სუბიექტები არიან, როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი და თურქეთი.
„უბრალოდ, ამოცანები განსხვავებულია. ვითარება, რომელიც დღეს შეიქმნა დაპირისპირების ხაზზე და რაც მზადდებოდა და ისევ მზადდება საქართველოში - არის ერთი გეგმის ნაწილი. თუმცა, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორს, განსხვავებული ინტერესები აქვს. ერთ-ერთი ამოცანა რუსეთის რეგიონიდან გაძევებაა, რომლის შესრულებაში ჩართულია დასავლეთი და ნაწილობრივ, თურქეთიც. ოღონდ ინტერესები განსხვავებულია: თურქეთისთვის მნიშვნელოვანია დაბრუნდეს იმ გეოპოლიტიკურ ზონაში, რომელსაც ის საუკუნეთა განმავლობაში აკონტროლებდა.“- ამბობს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში საქართველოსთვის რისკები მაღალია, რადგან ამან, შესაძლოა, “საქართველოში ეკონომიკური სტაგნაცია” გამოიწვიოს.
„საზღვართან ხანგრძლივვადიანმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის სტაგნაცია. თუ ამ კონფლიქტმა მიიღო მასშტაბური სახე, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოც რამე სახით ჩათრეულ იქნას მასში, თუნდაც იმიტომ, რომ კონფლიქტში მონაწილე ეთნოსთა წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თუმცა, არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება",- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.
მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტში ფაშინიანის მთავარი ინტერესი რუსეთის მოცილებაა და ის ამ დავალებას ასრულებს.
„გასაკვირი არ არის, რომ აზერბაიჯანის მხრიდან, ვითარების გამწვავება დაემთხვა სომხეთ-ამერიკის სამხედრო წვრთნებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 27 სექტემბერს - სამი წლის თავს ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალი ესკალაციიიდან. ამ თარიღს აზერბაიჯანში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რუსეთს არ უნდა ფაშინიანის ხელისუფლება, მაგრამ, ჯერჯერობით, მისი კონფლიქტში პირდაპირი ინტერვენციის ალბათობა დაბალია. თუ აზერბაიჯანი მოინდომებს ზანგეზურის კორიდორის გაჭრას, რუსეთი იძულებული იქნება შეინარჩუნოს სახე - ამუშავდება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვალდებულია სომხეთი დაიცვას.“-განუცხადა “სფეისნიუსს” მამუკა არეშეიძემ.
0
0