
სომხეთის მთავრობა უარყოფს ესპანური მედიის ინფორმაციას აშშ-სთვის სიუნიუქის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის 99 წლით გადაცემის შესახებ.
სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზოგიერთი მედიის მხრიდან სიახლედ წარმოდგენილი პუბლიკაცია სინამდვილეში ჰიბრიდული ომისა და მანიპულაციური პროპაგანდის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.
„აღნიშნულ სტატიას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სომხეთის რესპუბლიკის პოზიციები რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვასთან დაკავშირებით ნათლად არის ჩამოყალიბებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში. პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამ საკითხს ვრცლად შეეხო მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე. მოვუწოდებთ მედიასა და საზოგადოებრივ წრეებს, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან და გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური და სანდო წყაროები“, – აღნიშნულია სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს.
0
0