21/10/2025
17:47

სომხეთი მიესალმება შუა დერეფნისთვის ევროკავშირის საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას და მზად არის, მისი წარმატების უზრუნველსაყოფად აქტიური და კონსტრუქციული პარტნიორი გახდეს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა ევროკავშირის მიერ მოწვეულ მინისტერიალზე განაცხადა, სახელწოდებით, „რეგიონთაშორისი უსაფრთხოება და ურთიერთკავშირი.“
მინისტრის ცნობით, სომხეთი თავის პროექტს, „მსოფლიოს გზაჯვარედინსა“ და პროგრამა TRIPP-ს, რომელიც უფრო “ტრამპის მარშრუტად” არის ცნობილი, ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივაში ჩართავს.
მინისტრის შეფასებით, ერევნის პარტნიორობა ევროკავშირთან ამ ძალისხმევაში ცენტრალურ როლს ასრულებს.
„ჩვენ სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივ დღის წესრიგს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი დავამატეთ, როცა ჩვენი ურთიერთობები პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავაფართოვეთ,“ - ამბობს მირზოიანი.
ცნობისთვის: „გლობალური კარიბჭე“ ევროკავშირის დადებითი შეთავაზებაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ინვესტიციების უთანასწორობის შემცირებასა და ციფრულ, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში ჭკვიანი, სუფთა და უსაფრთხო კავშირის, ასევე, ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევითი სისტემების გაძლიერებას. „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგია მოიცავს „ევროპის გუნდის“ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროპული განვითარების საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკს. ეს მიდგომა მიზნად ისახავს 2021-დან 2027 წლამდე 300 მლრდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზებას, რაც დამოკიდებულების ნაცვლად არსებითი კავშირების შექმნასა და გლობალური საინვესტიციო ხარვეზის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
0
0
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
21/10/2025