
სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ , - ამის შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გასულ კვირას ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტშია ნათქვამი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 17 პუნქტისგან შედგება.
„იმის დადასტურებით, რომ ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის საზღვრები შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები გახდა და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, „ორივე მხარის მიერ რატიფიცირებული ამ შეთანხმების გაცვლის შემდეგ, მხარეები დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ, ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების შესაბამისად“.
მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ფარგლებში გაიმართება.
„მხარეები ერთმანეთის საზღვარზე რომელიმე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ. მხარეები, საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის დასრულებამდე, უსაფრთხოებისა და ნდობის გაძლიერების მიზნით ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორის სამხედრო სფეროში, კერძოდ, საზღვრისპირა რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია შეთანხმებაში.
შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით სომხეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ კომისიას შექმნიან.
„სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში, თანამშრომლობის დამყარების მიზნით მხარეებმა შეიძლება შესაბამისი შეთანხმებები გააფორმონ“, - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025