
კონიაკის მწარმოებლებისა და ტვირთების გადამზიდავების ჯგუფმა სომხეთში, საქართველოს საელჩოს წინ, საპროტესტო აქცია გამართა მათი თქმით, სურდათ გაეგოთ, თუ რატომ მოწმდებოდა მათი ალკოჰოლური პროდუქცია - ძირითადად რუსეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტისთვის განკუთვნილი კონიაკი - ტრანზიტულ ქვეყანაში, საქართველოში.
„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მომიტინგეები ხაზს უსვამენ, რომ მათი სასმელები საქართველოში გასაყიდად არ არის განკუთვნილი და ვერ ხვდებიან, სატვირთო მანქანების დღეებით ან თუნდაც კვირებით შეყოვნების, ასევე ალკოჰოლის ტესტირების ჩატარების აზრს.
„თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ვერ შევძლებთ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას. სატვირთო მანქანების გაჩერებისთვის, ჩვენ სატრანსპორტო კომპანიებს დღეში, მინიმუმ, 100 დოლარს ვუხდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობის ჯარიმა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებთანაც გვაქვს ხელშეკრულება ჩვენი პროდუქციის საცალო ობიექტებისთვის მიწოდებაზე. აზრი არ აქვს პროდუქციის უკან დაბრუნებას - სად წავიღებთ მას, სად გავყიდით? მოგვიწევს დახურვა, გავკოტრდებით“, - თქვა ჰაიკ შაჰნაზარიანმა, ღვინისა და კონიაკის სახლის დირექტორმა.
მან დასძინა, რომ ორი კვირის წინ კომპანია დაუკავშირდა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს. თუმცა, მათი ალკოჰოლური სასმელებით დატვირთული მანქანები კვლავ დგას საქართველოში ტრანზიტულ სატრანსპორტო საშუალებაში - ზოგი რამდენიმე კვირაა, ზოგი კი ერთ თვეზე მეტია.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს საელჩომ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში კონიაკის სომეხ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს აცნობებდა თბილისის ოფიციალურ პოზიციას საკონტროლო პუნქტებზე დაკავებული სატვირთო მანქანების შესახებ. თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, განაცხადეს მეწარმეებმა.
0
0