
სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში კორუფციასთან ბრძოლას სჭირდება სისტემური მიდგომა. პირველ რიგში, სახელმწიფოს ხერხემლის, სასამართლოს, გათავისუფლება კორუფციული კლანისგან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ხალხის ხარჯზე ააშენა თავისი პირადი იმპერია“.
„მივესალმები საქართველოს მოქალაქეებს. ვუდასტურებ პატივისცემას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ბევრი წლის მანძილზე ვებრძოდი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, აქ მსხდომი ბევრისგან განსხვავებით. ვიყავი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მაგრამ ამომრჩეველი არავის საკუთრება არაა. რატომ ვერ ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე დღეს უსაფრთხოდ და უზრუნველად? პასუხი აქ არის -კორუფცია მეტასტაზებივით მოედო მთელ ქვეყანას, ქალაქსა თუ სოფელს, ყველა სფეროს, მმართველობის ყველა დონეზე. პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი, ფულის გათეთრება, უკანონო გამდიდრება, მექრთამეობა, გაფლანგვა და მითვისება, გავლენით ვაჭრობა – ჩვენი ყოველდღიურობის ჯოჯოხეთად იქცა. ჩაწყობილი ტენდერები და „ატკატები“, წილში მყოფი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები, გაძარცვული ჯარი. სამართლიანი არჩევნების ნაცვლად, მოსყიდვები და გარიგებები, უკანონო ნებართვები, ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქები, დაუმთავრებელი გზები. მორგებული კონკურსები, გარეთ დარჩენილი კეთილსინდისიერი მოხელეები, არალეგალური ბიზნესები, „ქოლცენტრები“, ნარკოკარტელები. გამქრალი სამართალი, პროკურატურაში თაროზე წლობით შემოდებული საქმეები. დაუსჯელი დასასჯელები. გაძვირებული ჯანდაცვა, წამლები, საკვები პროდუქტები, დაუცველობისა და უპერსპექტივობის განცდა. უსაფრთხოების არარსებობა. რა არის ამაზე თქვენი პასუხი? არ იცოდით?! დიახ, დღეს მოქალაქეები ყოველდღე უყურებენ მაღალი თუ საშუალო რგოლის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოსნების დაკავებებს, კრიმინალურ ქრონიკაში ვცხოვრობთ. მაგრამ! ახლა გაიგეთ კორუფციის შესახებ? იქნებ, წილები მოგაკლდათ კორუფციული ფულიდან? ამ 25 კორუმპრებულ ოჯახს სხვა 25 კორუმპრებული ოჯახი ხომ არ ანაცვლებს? პოლიტიკური ნარცისიზმით შეპყრობილები ჩაიკეტეთ და ხალხის ხმა არ გესმით. არ გესმით იმ სოფლის, რომელიც წლებია, ელოდება გზას. იმ მშრომელი გლეხის, რომელიც წლებია, ელოდება წყალს, იმ მშობლის, ვინც შვილისთვის კარგ განათლებას ელოდება. იმ მოსწავლის, ვინც სკოლის მშენებლობას ელოდება. იმ ხანდაზმულების, ვინც ელოდება ღირსეულ პენსიას, არა ფუფუნებას, არამედ ღირსეულ პენსიას, რომ წამალი იყიდოს, რომელიც ძვირია. იმ მამების, ვისაც უნდა სამშობლოში იყოს დასაქმებული და შესაბამის ხელფასს იღებდეს. იმ დედების, რომელთაც ემიგრაციაში შვილები ენატრებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებმა არსებობა შეძლონ. იმ მოხელეების, რომელთაც სახელმწიფოს მსახურება უნდათ და არა ერთი პარტიის. იმ მეცნიერების, რომელთაც უცხოეთში აფასებენ და სამშობლოში არა. იმ მოქალაქეების, ვისაც დაპირდით სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ მხოლოდ იმას უყურებს, როგორ იზრდება უსამართლობა ყოველდღე. როცა კანონი მხოლოდ იმათთვის კანონობს და ყველაზე მკაცრია, ვისაც პატრონი არ ჰყავს, მაგრამ 25 ოჯახისთვის კანონი არ არსებობს. ფეოდალებისთვის, რომლებიც დაეპატრონენ რეგიონებს და სისხლს წოვენ სამშობლოს, კანონი და გაჭირვება არ არსებობს. თქვენ არ გესმით ხალხის, ვისაც თავზე წამოასვით კორუმპრებული ჩინები, არსაიდან მოსული, ერთ დღეში გამდიდრებულები. დიახ, კორუფცია არის სამშობლოს ღალატი, რომელიც თქვენ წესად აქციეთ. პოლიტიკური თაღლითობაა ეკონომიკურ აღმავლობის ციფრებზე საუბარი სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდის ფონზე. თქვენ დაგავიწყდათ ადამიანი, დაგავიწყდათ, რომ საქართველოს მთავარი სიმდიდრე არის ადამიანი. კორუფცია კი შთანთქავს ყველას და ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის 36 წლის მანძილზე სწორედ კორუმპირებული ჩინოსნები ხრავდნენ ჩვენს სამშობლოს. ეს უნდა დასრულდეს. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ხალხის ხარჯზე ააშენა თავისი პირადი იმპერია. სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში კორუფციასთან ბრძოლას სჭირდება სისტემური მიდგომა. პირველ რიგში, სახელმწიფოს ხერხემლის, სასამართლოს, გათავისუფლება კორუფციული კლანისგან, კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმების შექმნა. იდეის, სისტემის, პატიოსანი მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმებული მოქმედება. ამიტომ ვართ დღეს აქ და, როგორც პარლამენტის წევრი, ვიბრძოლებ ბოლომდე, თავდადებით, ერთგულებით და სიმართლით ვემსახურები თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა თუ სოციალური სტატუსისა. დიახ, უმცირესობაში ვართ აქ, მაგრამ საქართველოს ისტორია იმის დადასტურებაა, რომ უმცირესობაში ყოფნითაც შეიძლება გამარჯვება, როცა სამშობლო უზენაესია. სამშობლოსა და თავისუფლებისთვის ბრძოლა – მარადიულია. უკან დასახევი გზა კი ჩახერგილია“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
0
0