
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა და საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჩეხეთის და რუმინეთისა ეროვნული გენბანკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, მხარეებმა სამი ქვეყნის - საქართველოს, რუმინეთისა და ჩეხეთის - ეროვნულ გენბანკებში არსებული მდგომარეობა (საბაზისო, აქტიური, სამუშაო) განიხილეს და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გაანალიზეს.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც ჩეხეთის და რუმინეთის ექსპერტები ვოიტეკ ჰოლუბეკი, დაგმარ იანოვსკა, სილვია სტრაჯერუ, ასევე, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სერტიფიცირებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, გენბანკის მენეჯერი თამარ ჯინჯიხაძე და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, დეტალურად ისაუბრეს გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ეროვნულ სტრატეგიაზე, გრძელვადიანი შენახვის მნიშვნელობაზე, გენბანკის თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და კვლევითი პროცესების გაძლიერების გეგმებზე. მხარეები შეთანხმდნენ სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გადაწყვეტილება მიიღეს შემდგომი სამუშაო შეხვედრის ქ.პრაღაში, ჩეხეთის ეროვნულ გენბანკში ჩატარებაზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის და რუმინეთის ექსპერტებმა მოინახულეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, ქსოვილის კულტურის (In-Vitro) ლაბორატორიები, ერთწლოვანი კულტურების თესლის საცავი, ასევე, დაათვალიერეს მინდვრის კოლექციები, გაეცნენ თესლის შენახვის, დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის პროცესებს.
ჩეხი და რუმინელი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტი მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპული გენბანკების ინტეგრირებული სისტემის (AEGIS) ფარგლებში განხორციელდა. საქართველო აღნიშნული სისტემის სრულუფლებიანი წევრია.
AEGIS-ის წევრობასთან ერთად, საქართველო აქტიურად მონაწილეობს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვასა და ცოდნის საერთაშორისო გაზიარებაში, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
0
0