დაახლოებით, 30 საათია სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველები ამ დროისათვის ეძებენ სტიქიის ზონაში, მიწის მასაში მოყოლილ 1 ადამიანს.
გუშინ განხორციელებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, იპოვეს 8 ადამიანის ცხედარი. ცხედრები უკვე გადაასვენეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში და დაიწყება ამოცნობის პროცედურები.
სამძებრო სამუშაოები, ნავების მეშვეობით, მდინარე ხანისწყალშიც გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. უკვე გაიწმინდა ცენტრალური გზა, რომელიც მიწის მასისგან იყო დაფარული.
"მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის ღონისძიება. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 8 ცხედარია ნაპოვნი. პირველივე წუთიდან ხორციელდებოდა წყალზე მონიტორინგი. ასევე, დღის განმავლობაში გაგრძელდება როგორც მონიტორინგი, ისე საძიებო სამუშაოები,"-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში უხვმა ნალექმა მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც გახდება ცნობილი, გააგრძელებენ თუ არა აღნიშნულ ზონაში ცხოვრებას ის ადამიანები, რომლებიც, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.
0
0