ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა, აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება, - ასე მიმართა მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მანვე აღნიშნა, რომ გაუკუღმართებული აზროვნებისგან შვილების დაცვისთვის აუციელებელია ქვეყანაში მიიღონ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ.
„ახალი სოციალური ტექნოლოგიებისა და გენდერული იდეოლოგიების დადგენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას. მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც მოწინავედ იწოდებიან, პოლიტიკოსები ღებულობენ ისეთ კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება მარადიულ, ღმერთისგან დადგენილ, ზნეობრივ ნორმებს და საზოგადოების ცხოვრების ტრადიციულ წესსა და ყაიდას. მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ და უფრო მეტიც, ღირსეულ ქმედებად, ღირსებად და ადამიანის ქცევის ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას და ოჯახის განადგურებას.
ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებსაც და სურვილს. ამის ნათელი დასტურია ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებსა და ბავშვებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან ჩვენი ბავშვების დაცვის მცდელობა ევროპარლამენტის მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. და იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა, აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება“,-აღნიშნა მეუფე შიომ.
0
0