
Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხდებით, X-ის (ყოფილი Twitter-ი) პლატფორმაზე წვდომა ყველა მომხმარებლისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას მილიარდერმა აღნიშნა, რომ თანხის გადახდის დაწესება ე.წ. ბოტებთან დაპირისპირების ერთადერთი გზაა.
„მომხმარებლებს სისტემის გამოყენებისთვის ყოველთვიური მცირე გადასახადი დაუწესდებათ“, - თქვა მასკმა.
როგორც BBC-ი წერს, გაურკვეველია, ეს ილონ მასკის ზოგადი კომენტარია თუ მისი უფრო მყარი გეგმების სიგნალი, რომელიც ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის. მასკი დიდი ხანია აცხადებს, რომ მისი მცდელობა - სოციიალურ მედიაპლატფორმას თავიდან ააცილოს ე.წ. ბოტები და ყალბი ანგარიშები - საფასურს მოითხოვს.
მომხმარებლებს X-ის უფასოდ გამოყენება ჯერჯერობით კიდევ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისთვის აშკარაა ფინანსური ინტერესი, მასკი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მომხმარებლების მომსახურებისთვის თანხის გადახდა მიზნად ისახავს ე.წ. ბოტების წინააღმდეგ ბრძოლას.
"ბოტის შექმნა 1 პენიც არ ღირს, მაგრამ თუ ვინმეს რამდენიმე დოლარის ან უმნიშვნელო თანხის გადახდა მოუწევს, ბოტების ეფექტური ღირებულება ძალიან იზრდება”, - თქვა მასკმა.
აშშ-ში, X Premium-ზე წვდომა ამჟამად თვეში $8 ღირს. ფასი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება აბონენტი. მილიარდერის თქმით, ამჯერად ის მომხმარებლებისთვის უფრო იაფ ვარიანტებს ეძებს.
„ჩემი აზრით, რეალურად, ბოტების უზარმაზარი არმიისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ეს არის“, - დასძინა მასკმა.
თუმცა, არსებობს რისკიც, რომ X-ის „ფეივოლად“ (ფასიან კონტენტად) გადაქცევის შემდეგ, პლატფორმამ შეიძლება მომხმარებლების დიდი ნაწილი დაკარგოს. შედეგად, შემცირდება სარეკლამო შემოსავლებიც, რაც ამჟამად კომპანიის შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ილონ მასკის საუბარი ანტისემიტიზმსაც შეეხო. Anti-Defamation League (ADL) კამპანიის ჯგუფი X-ს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ანტისემიტური კონტენტის შესასუსტებლად საკმარის ნაბიჯებს არ დგამს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასკი ანტისემიტებთან „არის დაკავშირებული და მხარს უჭერს მათ“.
ნეთანიაჰუსთან საუბრისას მასკმა გაიმეორა, რომ ის "ანტისემიტიზმს ებრძვის". ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ სიტყვის თავისუფლებასა და კონტენტს შორის ბალანსის დაცვა გამოწვევაა, თუმცა, იმავდროულად, მასკს სწორი ბალანსის დამკვიდრებისკენ მოუწოდა.
”იმედი მაქვს, რომ, პირველი მცდელობის ფარგლებში, შეძლებთ შეაჩეროთ არამხოლოდ ანტისემიტიზმის... არამედ ხალხის მიმართ გამოხატული კოლექტიური სიძულვილი, რასაც ანტისემიტიზმი ჰქვია”, - თქვა ნეთანიაჰუმ.
0
0