თვითგამოცხადებული აფხაზეთის მკვიდრი, დიანა კვეკვესკირი სოჭის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებაში, რაც გამოიხატა სოციალურ ქსელში ლგბტქ+ დროშიანი პოსტის გამოქვეყნებაში. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი kavkaz.realii წერს, სტუდენტ ქალს ათდღიანი პატიმრობა მიესაჯა.
ოქმში მითითებულია, რომ დიანა კვეკვესკირმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოაქვეყნა „ლგბტ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების სიმბოლოები“. სასამართლოში დიანა კვეკვესკირმა განმარტა, რომ ფოტო ადრე გამოაქვეყნა, როცა მუსიკით იყო გატაცებული. განსასჯელმა მოითხოვა, მისი დასჯა დაჯარიმებით შემოფარგლულიყო.
რუსეთის კანონმდებლობით ადმინისტრაციული მუხლი, რომლის მიხედვითაც ბრალი წაუყენეს აფხაზ სტუდენტს, ითვალისწინებს ჯარიმის დაკისრებას ან 15 დღემდე პატიმრობას.
დიანა კვეკვესკირი სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პრომოუშენის“ ხელმძღვანელი. შემდეგ მან ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე რუსეთის სამხრეთ ფედერალურ უნივერსიტეტში, პარალელურად მუშაობს ინგლისური, ესპანური და აფხაზური ენების რეპეტიტორად. ამას ასევე მოგებული აქვს რუსი მილიარდელის, ვლადიმირ პოტანინის სახელობითი სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც სტაჟირება გაიარა ჩინეთში, იუნჰეს ერთ-ერთ სკოლაში
ცნობისთვის, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არარსებული „ლგბტქ+ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. უფლებადამცველები და იურისტები ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმები, თუ რა შეიძლება იყოს „ლგბტქ+ პროპაგანდა.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026