
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ის ბოლოდროინდელი ქმედებები გააპროტესტეს. მათ შორის, კორუფციისა და სხვა კრიმინალური საქმიანობასთან ბრძოლის მიმართულებით მომუშავე დამოუკიდებელი სამსახურების გაუქმება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაშიც გაიმართა.
მედიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა რობერტ ფიცოს გადადგომა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის მიერ ცვლილებებზე ვეტოს დადება მოითხოვეს.
კანონპროექტის კანონად ქცევისთვის სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო, თუმცა მთავრობას მის გადასალახად უმრავლესობა აქვს.
„ფიცოს მთავრობა მაფიას ეხმარება,“ – სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები.
ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორმა და ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ „სლოვაკეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მთავრობა ამტკიცებს კანონებს, რათა კრიმინალებსა და მაფიას ცხოვრება გაუმარტივოს“.
0
0