
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2025 წლის ბოლო სამ თვეში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეების განაცხადების 95%-ზე მეტი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, 2025 წლის ბოლო სამ თვეში უკრაინელების 343 განაცხადი ბრიტანეთის მთავრობამ არ დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა საერთო განაცხადების მხოლოდ 4,5%.
ტელეარხის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე სპეციალური სავიზო პროგრამის მეშვეობით დაახლოებით 310 ათასი უკრაინელი ჩავიდა დიდ ბრიტანეთში.
დიდ ბრიტანეთში მოქმედებს პროგრამა „სახლი უკრაინისთვის“, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს დააფინანსონ უკრაინელების ჩამოსვლა. პროგრამა ორჯერ გააგრძელეს და ის 2028 წლამდეა აქტიური.
თუმცა, როგორც Sky News-ი წერს, ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე უკრაინელების უმეტესობა ბრიტანეთში თავს როგორც საკუთარ სახლში გრძნობს. ზოგ ბავშვს ბრიტანეთში უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული პროგრამები ისეა აწყობილი, რომ უკრაინის მოქალაქეებს ბინადრობის უფლების მოპოვება არ შეუძლიათ. ამიტომაც ბევრ უკრაინელს ახლა სხვა ვიზის მისაღებად შეაქვს განაცხადი, რათა ბრიტანეთში უვადოდ დარჩენის უფლება მოიპოვოს.
0
0