
დასავლეთ ბოსნიის ქალაქ სანსკი მოსტში, საშუალო სკოლის სამი თანამშრომელი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ სკოლის დარაჯმა ესროლა და შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა.
„მამაკაცმა სკოლაში ავტომატით ცეცხლი გახსნა და დეკანი, მდივანი და ერთ-ერთი მასწავლებელი მოკლა. შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა და მძიმედ დაშავდა. ეჭვმიტანილი ახლომდებარე ქალაქ ბანია ლუკას საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს,“ - თქვა უნა-სანას კანტონის პოლიციის წარმომადგენელმა, ადნან ბეგანოვიჩმა.
Reuters-ის ინფორმაციით, საზაფხულო არდადეგების გამო, სკოლაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილ დარაჯს სკოლის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და ის, დისციპლინური დარღვევის გამო, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან კონკრეტული პირების მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.
როგორც Reuters-ი წერს, მასობრივი სროლები შედარებით იშვიათია დასავლეთ ბალკანეთში. ივლისში, ხორვატიაში ომის ვეტერანმა მოხუცთა თავშესაფარში 5 ადამიანი, მათ შორის საკუთარი დედა, მოკლა და 6 მოხუცი დაჭრა.
0
0