27/02/2025
11:59

ილია თოფურია საშიში მებრძოლია, მას ისლამ მახაჩევის ნოკაუტით დამარცხება შეუძლია, – ამის შესახებ ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ჟურნალისტ არიელ ჰელვანის გადაცემაში განაცხადა.
ვოლკანოვსკის თქმით, მსუბუქ წონაში რუსეთის სახელით გამომსვლელი მახაჩევის ძლევის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ქართველ მებრძოლს აქვს.
„ილია თოფურიასთან განმეორებითი ბრძოლა ნამდვილად მსურდა, ქამარი მასთან დავკარგე და მისი დაბრუნება კვლავ მასთან დაპირისპირებაში მინდოდა. არ ვიცი, რა მოხდა ილიასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ასეთი ეტაპი დადგა, ვიფიქრე, კარგი, ახლა უბრალოდ მომეცით რაც არის, ოღონდ ქამრისთვის.
თოფურია ძალიან საშიში მებრძოლია. მას ნებისმიერის დაჭერის შანსი აქვს. თუ ისლამს დარტყმა გაუტარა, მისი ნოკაუტით ძლევა შეუძლია. ილიას სხვებთან შედარებით მახაჩევთან ყველაზე დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონი რუსეთის სახელით გამომსვლელი ისლამ მახაჩევია.
ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის კი აპრილში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესს შეხვდება. რაც შეეხება თოფურიას, ჯერ უცნობია, ვისთან ჩაატარებს ის თავის ბრძოლას მსუბუქ დივიზიონში.
0
0