
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"ეს ნამდვილი სკანდალური სცენა იყო. მათ ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდათ. ორი შუახნის მილიარდერი (თეთრი სახლის) დასავლეთ ფრთის ფოიეში შეხვდა ერთმანეთს და ჭიდაობის მსოფლიო შოუ დადგა", - განაცხადა გამოცემის წყარომ.
Axios-ის ცნობით, მასკმა ბესენტს „სოროსის აგენტი“ უწოდა (როგორც ცნობილია, ბესენტი რამდენიმე წელი მუშაობდა მილიარდერი ჯორჯ სოროსის ,,სოროსის ფონდის’’ მენეჯმენტის საინვესტიციო სტრუქტურაში). მინისტრმა დაპირისპირებისას მასკს შეაგინა, რაზეც მასკმა უპასუხა: "უფრო ხმამაღლა თქვი"!
კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ ორ მამაკაცს შორის გასაშველებლად ასისტენტი ჩადგა. ბესენტის გინება მოისმინა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონმა, რომელიც ინციდენტის დროს თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
ინციდენტი 17 აპრილს მოხდა. როგორც The New Yokr Times-ი იუწყება, დაპირისპირების მიზეზი აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის ახალი კომისრის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე მაიკლ ფოლკენდერის - დანიშვნა გახდა. გამოცემის ცნობით, ბესენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მასკმა წინა დღით მოახერხა შიდა შემოსავლების სამსახურის ყოფლი ხელმძღვანელის გარი შეპლის დანიშვნა, ორგანიზაცია სახაზინო დეპარტამენტის იურისდიქციას ექვემდებარება, რომელსაც ბესენტი ხელმძღვანელობს.
თეთრმა სახლმა დაადასტურა Axios-ის ინფორმაცია და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელქვეითებსა და მთავრობის წევრებს შორის „ხანდახან უთანხმოება წარმოიქმნება“.
"გვჯერა, რომ ეს ჯანსაღი განხილვის პროცესის ნაწილია. ყველამ იცის, რომ საბოლოოდ პრეზიდენტი ტრამპი იღებს გადაწყვეტილებებს", - თქვა ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა.
0
0