
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2024 წლის 8 მარტს ადიგენში განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სსკ-ის156-ე მუხლის (დევნა) საფუძველზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა.
„წინა წლებში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ქმნის და ძალადობის განმეორების რეალურ წინაპირობებს აჩენს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს მძიმე გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებზე, არამედ მთელს თემზე, რომელსაც უფლების დარღვევის მსხვერპლი მიეკუთვნება. მას მძიმე ასევე მძიმე გავლენა აქვს სოციალურ მშვიდობაზე და განსხვავებული ჯგუფების დემოკრატიული თანაარსებობის პრინციპზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობა უმცირესობებში აღრმავებს მარგინალიზაციის და დაუცველობის განცდას და მკვეთრად ამცირებს ნდობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. სწორედ ამიტომ მსგავსი დანაშაულების დაუსჯელობა აღრმავებს მუსლიმი თემის მარგინალიზაციას და დაუცველობას და წარმოშობს უთანასწორობასა და სოციალურ კონფლიქტებს საზოგადოებაში.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს მოჰყვეს დროული და სათანადო რეაგირება და ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დაცვისთვის სახელმწიფომ რეალური სამართლებრივი გარანტიები შექმნას”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
დროულად დაიწყოს ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნის ფაქტის გამოძიება და საქმეზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, დევნაში ჩართული სასულიერო პირების დროული გამოკითხვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოძიების წინაშე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს.
2024 წლის 8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო-მასალა, რომლის თანახმადაც, ადიგენში რელიგიური მიზნით მოქმედი შენობის მესაკუთრის, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის მიმართ ძალადობრივი მუქარა და სიძულვილის ენა გამოიყენეს და ხელი შეუშალეს რელიგიურ საქმიანობაში.
0
0