
ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე , - ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, სისტემას უნდა, რომ მზია ამაღლობელი მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს.
“სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე).
მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე - განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე ,,აბრაზებს“ საკუთარი ,,სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, ,,შერჩევითი სამართალია?"
თუმცა, ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს.
ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა.
ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე. თავისუფლება მზიას”, - წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
0
0