26/06/2023
16:19
მსოფლიო
გაერომ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა - გავრცელებული ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
„ასევე 9 ადამიანი დაიღუპა 25 ივნისს, როდესაც სამხედრო თვითმფრინავებმა ჯისრ ალ-შუღურთან ახლოს მდებარე ბაზრის ტერიტორია დაბომბა,“ - განაცხადა სამაშველო სამსახურმა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
„სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, რის გამოც სირიელები ტრაგედიის დაუსრულებელ ციკლში რჩებიან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ 2023 წელს ეს რუსეთის მიერ განხორციელებული ყველაზე სასტიკი თავდასხმა იყო.
იდლიბის პროვინციასთან ახლოს, ავიაიერიშის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსი სამხედროების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა ჯარებმა ითანამშრომლეს რუსეთის საჰაერო ძალებთან ოპერაციაზე, რომლის მიზანი იყო იდლიბში "ტერორისტების შტაბ-ბინებისა და საწყობების" და "ათობით ტერორისტის განადგურება".
„აღნიშნული იერიში წარმოადგენდა შურისძიებას იმ თავდასხმების მიმართ, რომლებსაც მთავრობის მიერ კონტროლირებად ჰამასა და ლატაკიის პროვინციებში მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა კონფლიქტის შედეგად, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წელს პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მშვიდობიანი პრო-დემოკრატიული საპროტესტო აქციები ძალადობრივად ჩაახშო. იდლიბი ოპოზიციის უკანასკნელი დასაყრდენია და იქ 2,9 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, მათგან ბევრი ბანაკებში - მძიმე პირობებშია.
2020 წლის მარტში, რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რათა შეეჩერებინათ მთავრობის სწრაფვა იდლიბის დასაბრუნებლად. შედეგად, დროებითი სიმშვიდე დამყარდა, თუმცა სპორადული შეტაკებები, საჰაერო თავდასხმები და დაბომბვა გრძელდება.
0
0