
სინგაპურში, საოჯახო ტიპის ავტომობილის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის ღირებულება რეკორდულ ფასამდე - 106 000 დოლარამდე - გაიზარდა.
ქალაქ-სახელმწიფოში ავტომობილის 10-წლიანი "მფლობელობის მოწმობის" (COE) სისტემა, როგორც ქუჩაში საცობების საწინააღმდეგო ღონისძიება, 1990 წელს დაინერგა. შესაბამისად, სინგაპურში მანქანის პოტენციურ მფლობელებს მისი შეძენის დროს COE მოწმობა უნდა ჰქონდეთ.
სინგაპური ავტომობილის შესაძენად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად იქცა. რეგისტრაციის ფასისა და გადასახადების ჩათვლით, ახალი სტანდარტის Toyota Camry Hybrid-ი ამჟამად სინგაპურში 183,000 სინგაპურული დოლარი ღირს (დაახლოებით ექვსჯერ უფრო ძვირი, ვიდრე აშშ-ში). არსებობს სხვადასხვა ტიპის COE - მცირე ზომის მანქანებისთვის, მოტოციკლებისთვის და კომერციული მანქანებისთვის.
ბაზრის პოსტ-პანდემიური აღდგენის გამო, COE-ს ფასებმა, ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ავტომობილის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის (COE) ყველაზე დაბალი საფასურია 104,000 სინგაპურული დოლარი, რაც თითქმის სამჯერ გაიზარდა 2020 წლიდან, როდესაც პანდემიის დროს ახალ მანქანებზე ნაკლები მოთხოვნა იყო.
როგორც Toyota Borneo Motors-ის წარმომადგენელმა ალისა ჩანგმა BBC-ს განუცხადა, ახალ მანქანებზე დიდი მოთხოვნის გამო, COE-ების ღირებულების ზრდა მოსალოდნელი იყო.
მილიონერი მოსახლეობის მიხედვით, სინგაპური რეგულარულად იკავებს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ადგილს მსოფლიოში. თუმცა, რიგითი სინგაპურელებისთვის, რომელთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 70,000 სინგაპურული დოლარია, COE სქემის მიხედვით, შესაძლოა რთული გახდეს მანქანის შეძენა.
სინგაპურის მთავრობას სურს წაახალისოს მოსახლეობა, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქალაქ-სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 5,5 მილიონია, გასული წლის ბოლოსთვის კერძო მანქანას 1 მილიონზე ნაკლები ადამიანი მართავდა.
0
0