23/11/2021
13:20
საზოგადოება
როგორც მან ქადაგებაში აღნიშნა, ადამიანი ღვთისგან მიტოვებული არასდროსაა. ის განსაცდელს უვლენს ადამიანს სინანულისთვის, რათა ადამიანი მიხვდეს საკუთარ ცოდვებს და მოიანანიოს, ხოლო ვისაც სინანული არ შეუძლია, მას არ შეუძლია გამოსწორება.
„გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი.
ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.
თქვენ გახსოვთ სიტყვები ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და უსაყვარლესი ადამიანი იმპერატორის. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით ეპყრობოდა მას, მაგრამ სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა მისი დამოკიდებულება.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო. მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როცა კაცი ნანობს და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს.
მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდაი ცოდვათა თვისთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა.
ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ტვინს, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული ანიჭებს ადამიანს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისგან.
გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, საქართველო მუდამ იყო განსაცდელში. გიორგობა ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის. ვთქვათ ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმინდაო მოწყალეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, ამინ!
წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მფარველი. წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ბრძანა პატრიარქმა.
0
0