
პენტაგონმა ირანზე სამხედრო დარტყმების გეგმა მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გადაწყვეტს იერიშების განახლებას. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იუწყება, 16 მაისს ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა ირანის მიმართ შემდგომი ნაბიჯები განეხილა.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანმა „უნდა იჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისგან აღარაფერი დარჩება“.
ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, ტრამპის გოლფ-კლუბში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. შეხვედრა ტრამპის ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გაიმართა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ტრამპი ირანთან დაკავშირებით კარგავს მოთმინებას და, კვლავაც უკმაყოფილოა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით.
„სიენენის“ ცნობით, ტრამპმა და მისმა გუნდმა თეირანის მიმართ შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ტრამპის პეკინში ვიზიტის პერიოდში გადადეს. ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, რომ მათ სურდათ ენახათ, როგორ ჩაივლიდა ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოლაპარაკებები, ვიდრე მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავდნენ.
ბოლო დღეებში ტრამპი უფრო სერიოზულად განიხილავდა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებას, როგორც ირანული მხარის კომპრომისზე წამოყვანისა და ომის დასრულების იძულების საშუალებას. წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ტრამპი კვლავ შეხვდება თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ომის განახლების შესაძლებლობის განსახილველად. ამასთან, წყაროები აღნიშნავენ, რომ პენტაგონმა მოამზადა სამხედრო სამიზნეების რამდენიმე გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი საბოლოოდ გადაწყვეტს ახალი დარტყმების განხორციელებას, მათ შორის ირანის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე წერტილოვანი იერიშების მიტანას.
პენტაგონის ბოლო შეფასებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომი ამერიკას უკვე დაუჯდა 29 მილიარდი დოლარი.
0
0