
აშშ-ის სამხედროები მუშაობენ ახალ გეგმაზე ჰორმუზის სრუტეში ირანის ძალებზე დარტყმებისთვის იმ შემთხვევისთვის, თუ მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩაიშლება. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
განხილულ ვარიანტებს შორისაა მიზანმიმართული დარტყმები მცირე სწრაფმავალი კატერების, ასევე ჰორმუზის სრუტის დანაღმვაში მონაწილე ხომალდებზე და ირანის სხვა ძალების წინააღმდეგ სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში.
„სიენენის“ მიხედვით, ირანს ასევე ჰყავს მრავალი მცირე ზომის ხომალდი, რომლებითაც შეუძლია გემებზე თავდასხმა, რაც დამატებით ართულებს აშშ-ის მცდელობებს, გახსნას ჰორმუზის სრუტე.
„ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ განვიხილავთ მომავალ ან ჰიპოთეტურ ოპერაციებს. აშშ-ის არმია აგრძელებს პრეზიდენტისთვის სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზებას და ყველა ვარიანტი კვლავ განიხილება,“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
„სიენენის“ ცნობით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყისში ამერიკული დარტყმები ძირითადად მიმართული იყო სრუტიდან შორს მდებარე სამიზნეებზე, ირანის სიღრმეში. ახალი გეგმები კი, ითვალისწინებს ბევრად უფრო კონცენტრირებულ კამპანიას უშუალოდ სტრატეგიული საზღვაო გზების რაიონში. ერთ-ერთი ვარიანტია, დარტყმები ირანის ინფრასტრუქტურასა და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორზე, რათა აიძულონ ირანი მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. ამასთან, მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ასეთი ესკალაცია ძალიან სადავო ნაბიჯი იქნება. კიდევ ერთი ვარიანტია ირანის კონკრეტული სამხედრო ლიდერებისა და „მოლაპარაკებების მოწინააღმდეგე“ ფიგურების ლიკვიდაცია. მათ შორის სახელდება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უმაღლესი სარდალი აჰმად ვაჰიდი.
დამატებითი დარტყმები, განხილული გეგმების მიხედვით, ასევე შეეხება ირანის დარჩენილ სამხედრო ინფრასტრუქტურას. მათ შორის რაკეტებს, მათ გამშვებ დანადგარებს, სანაპირო თავდაცვით სისტემებსა და საწარმოო შესაძლებლობებს, რომლებიც გადაურჩა ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების პირველ ტალღას ან ზავის დროს სხვა ადგილას გადაიტანეს.
აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანის რაკეტების გამშვები სისტემების დაახლოებით ნახევარი და ათასობით დრონი გადაურჩა დაბომბვებს. გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ ირანმა ზავის პერიოდში სამხედრო ტექნიკის ნაწილი სხვა ადგილებში გადააადგილა და გააფრთხილა თეირანი, რომ ირანის მხრიდან შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში მათზე დარტყმები განხორციელდება.
ამასთან „სიენენის“ წყაროების ცნობით, მხოლოდ ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს დარტყმები, დიდი ალბათობით, ვერ უზრუნველყოფს საზღვაო გზის დაუყოვნებლივ გახსნას.
„თუ შეუძლებელია ცალსახად დადასტურდეს, რომ ირანის სამხედრო პოტენციალის 100% განადგურებულია, მაშინ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რისკზე წავა ტრამპი, როდესაც გემების გატარებას შეეცდება სრუტეში,“ – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც სამხედრო გეგმას იცნობს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ტრამპი უპირატესობას დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს და სიფრთხილით ეკიდება ომის განახლების შესაძლებლობას. თუმცა წყაროები აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „უსასრულო“ არ არის და სამხედროები მზად არიან დარტყმების განახლებისთვის შესაბამისი ბრძანების მიღების შემთხვევაში.
23 აპრილს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი „სერიოზულ სირთულეებს“ განიცდის ახალი ხელმძღვანელობის განსაზღვრაში და აღნიშნა განხეთქილება ირანის მმართველ წრეებში, რაც მისი თქმით მთავარი დაბრკოლებაა მოლაპარაკებებისთვის.
„სიენენის“ ორი წყაროს თანახმად, რომლებიც ომისთვის მზადების პროცესს იცნობენ, ტრამპის ადმინისტრაციამ არასათანადოდ შეაფასა ირანის მზადყოფნა ჰორმუზის სრუტის დახურვისთვის, რისი თავიდან აცილება, სავარაუდოდ, შეიძლებოდა, თუ თავიდანვე მოახდენდნენ სამხედრო ძალების კონცენტრირებას შეკავების მიზნით.
ამჟამად, რეგიონში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჰყავს 19 ხომალდი, მათ შორის ორი ავიამზიდი და შვიდი სხვა გემი. 13 აპრილიდან ამერიკულმა ძალებმა ირანის პორტების ბლოკადა დააწესეს და 23 აპრილის მდგომარეობით, სულ მცირე, 33 გემი დააკავეს. გარდა ამისა, ამერიკულმა სპეცრაზმმა შეამოწმა, სულ მცირე, სამი ხომალდი, მათ შორის ორი ინდოეთის ოკეანეში. ბოლო ასეთი ოპერაცია 22 აპრილს ჩატარდა.
0
0