
სიდნეის დასავლეთით, გარეუბან უეიკლში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს, ეპისკოპოსი მარ მარი ემანუელი და კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრეს. როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, შავებში ჩაცმული მამაკაცი საკურთხეველთან მივიდა და ეპისკოპოსს სახესა და თავში, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე დაარტყა. მლოცველები კი მაშინ დაშავდნენ, როდესაც ისინი იატაკზე დავარდნილი ეპისკოპოსის დახმარებას ცდილობდნენ,
Sky News Australia-ის ცნობით, ეპისკოპოსმა ემანუელმა სხეულზე "სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები" მიიღო. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის განცხადებით, „ოფიცრებმა თავდამსხმელი მამაკაცი უკვე დააკავეს და ის პოლიციასთან თანამშრომლობს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ეპისკოპოს ემანუელს სოციალურ მედიაში („ფეისბუქზე“) 17000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეპისკოპოსი პოპულარული პანდემიის დროს გახდა, როდესაც მან, სიდნეიში, Covid-19-თან დაკავშირებით, ე.წ. ლოკდაუნის დაწესება გააკრიტიკა, როგორც „მასობრივი მონობა“ და განაცხადა, რომ „ვაქცინები უშედეგოა, რადგან მხოლოდ „ჩვეული წესით“ ცხოვრება გაზრდის იმუნიტეტს“.
როგორც Dailymail-ი წერს, აღნიშნული ინციდენტი სიდნეის სავაჭრო ცენტრში მყოფ ხალხზე დანით თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა. თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი ქართველია - ფიქრია დარჩია.
0
0