
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ეროვნული კაბინეტის სხდომაზე იარაღის ტარების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივა წარადგინა. როგორც ცნობილია, სიდნეის ბონდი-ბიჩზე, „ხანუქას“ დღესასწაულზე მომხდარ მასობრივ სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო - 38 დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ 10 წლის გოგონა, რაბინი და ჰოლოკოსტს გადარჩენილი პირი. სროლაში ეჭვმიტანილი მამა-შვილია.
ალბანეზეს განცხადებით, ახალი კანონი ლიცენზირებული მფლობელისთვის იარაღის რაოდენობის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
„მთავრობა მზადაა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რაც გულისხმობს იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ადამიანები შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში რადიკალიზდნენ. ლიცენზიები არ უნდა იყოს უვადო. ეს ხოცვა-ჟლეტა ანტისემიტური ტერორიზმის აქტია“, - განუცხადა ალბანეზემ ჟურნალისტებს.
ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიაში დაახლოებით 117 000 ებრაელი ცხოვრობს. გასული წლის განმავლობაში სიდნეისა და მელბურნში, ანტისემიტურმა თავდასხმებმა ქვეყანა შეძრა. თავდამსხმელებმა სინაგოგები და მანქანები დაწვეს და დააზიანეს სახლები და ბიზნესობიექტები.
0
0