
ჭიათურის მერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გედების ტბასთან დაბინავებული მაიმუნების მძიმე მდგომარეობას შეეხებოდა, დეზინფორმაციას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს.
ჭიათურის მერია წერს:
„სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება.
გამოგონილი ამბავი იმის შესახებ, რომ გედების ტბასთან დაბინავებული მაიმუნები „უპატარავეს გალიებში, მინუს გრადუსში იყინებიან", აბსოლუტური სიცრუეა და საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან.
რეალობა კი ასეთია - ისინი იმყოფებიან შესაბამის პირობებში და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ხდება მათი მოვლა, იზოლირებული არიან ენოტებისგან, მათი სამყოფელი თბება ნორმის ფარგლებში.
ჩვენს მინი-ზოოპარკში დაბინავებულ ყველა ცხოველს და ფრინველს მეთვალყურეობას უწევს სპეციალისტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ხდება მსგავსი აბსურდული თემების წამოწევა, თუმცა სიმართლე მალევე ირკვევა, რადგან ჩვენ საქმეს არ ვაკეთებთ ფასადურად, ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, ჩვენ ვშრომობთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამის გადაფარვა სიცრუით შეუძლებელია", - აღნიშნულია ჭიათურის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე ჭიათურაში მყოფი მაიმუნების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერს, რომ პრიმატები რთულ პირობებში იმყოფებიან.
"ეს ჭიათურის გაყინული მაიმუნებია გედების ტბის გვერდით, იქნებ ყველა ჩამოხვიდეთ აქციაზე მერიის წინ რა უბედურებაა დასრულდეს მაიმუნების და ენოტების ჯოჯოხეთი, ცივათ და ერთმანეთს ეხუტებიან", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
0
0