20/03/2024
19:11
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში რიჩარდ კოკერილის თაოსნობით მთელი ძალით ცდილობს ელიტარულ ლიგას შეუერთდეს, მას შემდეგ, რაც ზედიზედ მეშვიდედ მათ ევროპის ჩემიონატი მოიგეს. ამის შესახებ სტატიას dailymail.co.uk ავრცელებს.
17 მარტს მოგებული ჩემპიონატი რიჩარდ კოკერილის პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება გახდა, მას შემდეგ, რაც მან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა. კოკერილი, რომელიც მანამდე ინგლისის ნაკრებში მუშაობდა, ამბობს, რომ საქართველო ამ დივიზიონისთვის „ზედმეტად ძლიერია“.
კოკერილი ბოლო წლებში სწორედ ექვსი ერის გუნდში მუშაობდა და შეჩვეულია ამ ლიგას. ახლა კი ის საქართველოს მთავარი მწვრთნელია, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას შანსი არ დაუტოვა და პარიზში გამართულ შეხვედრაში 36-10 მოუგო.
საქართველომ ეს ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა, ის უკვე შეეჩვია, რომ „ექვსი ერის“ ქვედა დონის ჩემპიონატში სრული ფავორიტია.
„მე მგონი ამ შეჯიბრებისთვის ზედმეტად კარგები ვართ, მაგრამ შემდეგი დონისთვის შეიძლება მზად არც ვიყოთ, სადღაც შუაში ვართ გაჭედილები. უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. ბევრად უკეთესად თამაში შეგვიძლია და მე მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ“, - უთხრა კოკერილმა Mail Sport-ს.
საქართველოს წინაშე რთული ამოცანები დგას. იმისთვის, რომ „ექვსი ერის“ ლიგაში გადასვლის რაიმე შანსი გაჩნდეს, საქართველომ იაპონიას, ფიჯის და ავსტრალიას უნდა მოუგოს. სწორედ ამ თამაშებში გამოჩნდება ქართველი მორაგბეების ნამდვილი პოტენციალი. იაპონიის მწვრთნელი კოკერილის ყოფილი კოლეგა, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ედი ჯონსია. ფიჯის ამ ეტაპზე მწვრთნელი არ ჰყავს.
კოკერილი ამბობს, რომ საქართველოსთვის იტალიის მაგალითი გამოდგებოდა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში უდიდეს პროგრესს მიაღწია. „ექვსი ერი“ ძალზე რთული ტურნირია, ის ბევრად რთულია, ვიდრე ევროპის პირველობა. და ყოველწლიურად იქ გუნდების დონე მაღლა იწევს, ტურნირი სულ უფრო რთული ხდება. „თუ არ შევეცდებით რამე გავაკეთოთ, ეს კლასში სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება. უნდა ვეცადოთ, რომ კონკურენცია გავუწიოთ იაპონიას, ფიჯის და ავსტრალიას, ბევრი გვაქვს სამუშაო, და ბევრი თამაში უნდა მოვიგოთ“, - ამბობს კოკერილი.
„ექვსი ერის“ შესაძლო გაზრდა შვიდ გუნდამდე რთული ამოცანაა, რაგბიში კალენდარი მომდევნო წლებზე უკვე გაწერილია, თანაც პლეი-ოფების თამაშების ჩატარება გუნდების დონეების ასაწევად ან დასაკლებად 6 ერის თითოეულ გუნდს არ აწყობს და ამას რომ დათანხმდნენ, ნაკლებად სავარაუდოა.
ასე, მაგალითად ამ წელს ექვს ერში ბოლო ადგილი უელსმა დაიკავა. მან ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო, მაგრამ ამ ლიგაში მაინც დარჩა. ახალი მოთამაშეების გამოჩენის შემთხვევაში, ექვსი ერის გუნდები, სხვა პრობლემებთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის დაკარგვის საფრთხის წინაშეც აღმოჩნდებიან.
ასე, რომ თეორიულად, საქართველოსა და უელსს შორის ორმატჩიანი დაპირისპირება შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა. როგორც უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სემ უორბერტონმა თქვა, არც ერთ გუნდს ექვს ერში არ უნდა ჰქონდეს გარანტირებული ადგილი ჩემპიონატში და წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რასაც ამ ჩემპიონატში მონაწილეობა იძლევა. საქართველოს წლევანდელი ფორმის გათვალისწინებით, უელსთან დაპირისპირების შემთხვევაში კარგი შანსები აქვს. საქართველომ კარდიფში 2022 წელს უელსს უკვე სძლია. საქართველოს უდავოდ ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს.
ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, დავით ნანიაშვილი - შესანიშნავი ტალანტები არიან, რომლის წყალობით საქართველომ პორტუგალიაზე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.
ეროვნული ნაკრების გარდა, 18-წლამდელთა გუნდი წელს ინგლისის და უელსის გუნდებს დაუპირისპირდება. ეს დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა.
დიდ წარმატებას მიაღწია ასევე საქართველოს რაგბის კლუბმა „შავმა ლომმა“. ის პირველად URC-ში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საკლუბო ტურნირი, სადაც უელსის, ირლანდიის, შოტლანდიის, იტალიის და სამხრეთ აფრიკის გუნდები მონაწილეობენ.
„გამარჯვების იმედი გვაქვს, საქართველოს ჰყავს რაგბიში უძლიერესი გუნდი. და შეგვიძლია კარგად თამაში პორტუგალიაზე უფრო ძლიერ გუნდთან. ამიტომ განვითარებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, - ამბობს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
newshub.ge
0
0